ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილის გადარიცხვაზე საუბრისას მმართველი გუნდიდან "ამერიკა არავის უხსენებია".
გუშინ, 10 მაისს კობახიძეს POSTV-ის ჟურნალისტმა კითხვა ხათუნა ხოფერიას განცხადების ჭრილში დაუსვა - ქართული ოცნების მხარდამჭერმა ფეისბუქზე დაწერა, რომ "შვეიცარიული ბანკის მიერ ტრანზაქციების შეჩერების და ამ მასშტაბის კოორდინაციის ორგანიზების რესურსი მხოლოდ ერთ დიდ მოთამაშეს - ამერიკას აქვს".
კობახემ დღეს ამერიკის ხსენებას "ცარიელი სპეკულაცია" უწოდა.
"ამერიკა არავის უხსენებია და შესაბამისად, ეს არის ცარიელი სპეკულაცია. როდესაც მმართველი პარტია ამერიკას არ ახსენებს და ოპოზიცია ახსენებს, ვინ აწარმოებს ანტიამერიკულ კამპანიას, თავად შეგიძლიათ, განსაჯოთ. მათ ახსენეს ამერიკა", - თქვა კობახიძემ.
რაც შეეხება ხოფერიას ამ პოსტს, კობახიძე ამბობს, რომ საქართველოში ყველას შეუძლია, საკუთარი აზრი გამოხატოს. მისივე თქმით, კითხვები, რომლებიც "ხოფერიას და სხვების მიერ დაისვა", თავისთავად ლეგიტიმურია.
მისივე თქმით, "კითხვები კიდევ უფრო მძაფრდება", მაგრამ "პოლიტიკური კუთხით დისკუსიას აღარ გააღრმავებენ".
"გუშინ ჩვენ გვქონდა საუბარი ამ ლეგიტიმურ ეჭვებთან დაკავშირებით და ეს კითხვები კიდევ უფრო მძაფრდება იმიტომ, რომ თურმე საქმე ეხებოდა არამხოლოდ გადარიცხვებს, არამედ ნახატებს და ვერტმფრენს, სადაც იყო ასევე შეფერხება. ეს შეფერხება მოიხსნა, თუმცა შეფერხება იყო დაახლოებით 1 თვე თუ თვენახევარი.
შესაბამისად, რა კითხვებიც იყო, ის კითხვები კიდევ უფრო აქტუალური ხდება ასეთ შემთხვევაში, მაგრამ ჩვენ პოლიტიკური კუთხით აღარ გავაღრმავებთ ამ დისკუსიას, მით უმეტეს, რომ ადვოკატის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი თავად მიაწვდის შესაბამის ინფორმაციას საზოგადოებას. ამიტომ იმისთვის, რომ ჩვენ თავიდან ავირიდოთ ამ თემის პოლიტიკური გაღრმავება, ჯობია, რომ დამატებითი კომენტარები აღარ გავაკეთოთ", - თქვა მან.
ირაკლი კობახიძემ გუშინ არ გამორიცხა, რომ შვეიცარიულმა საინვესტიციო ბანკმა Credis Suisse ბიძინა ივანიშვილისთვის თანხის გადარიცხვა "კოორდინირებული ქმედებების" გამო შეაფერხა.
"მგონია, რომ ეს კითხვები არის ლეგიტიმური, არცთუ უსაფუძვლო, თავისი საფუძველი აქვს. ჩვენ ვხედავთ კოორდინაციას და კოორდინაცია რომ კითხვებს აჩენს, ეს არის ლოგიკური.
ჩვენთვის გასაკვირი იყო, რა თქმა უნდა, ის განცხადებები, რაც კეთდებოდა უკრაინის ხელისუფლების მხრიდან და იყო გაუგებარი კოორდინაცია მაღალი ხარისხით - გვახსოვს უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით, რაც იყო აუხსნელი, ალოგიკური და აქაც, კოორდინაცია, ბუნებრივია, ჩანდა.
იყო სხვა შემთხვევებიც, სადაც იყო ალოგიკური მოვლენები, ევტუშენკოვის ზარი - ესეც გაუგებარია. ეს არის კაცი, რომელიც სანქციებს არ ექვემდებარება და ამას თავის მიზეზი უნდა ჰქონდეს, ეს კაცი ახორციელებს ზარს და მერე ეს ზარი ხდება ნაცმოძრაობასთან დაკავშირებული ტელევიზიებისთვის ერთთვიანი თემა, გამოგონილი თემა. გაუგებარი ზარი, ესეც კოორდინაციაზე მიუთითებს", - თქვა კობახიძემ.
მისივე განცხადებით, "ამას ემატება შვეიცარიული ბანკი", შვეიცარიული საბანკო სისტემა კი სანდოობით სარგებლობს და ახლა, როცა "კონკრეტული შვეიცარიული ბანკი აფერხებს ერთი თვის განმავლობაში გადარიცხვას, ეს დამატებით კითხვებს აჩენს".
"არ ვიცი, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი. თუ ვინმეს აქვს მცდელობა, რომ ბიძინა ივანიშვილი, მისი ნების საწინააღმდეგოდ პოლიტიკაში შემოაბრუნოს, რომ ქვეყანა ომში ჩაერთოს, ეს, მინიმუმ, მიუღებელი და პრინციპულად არასწორია. თუ ვინმეს ასეთი მცდელობა აქვს, ის ბიძინა ივანიშვილს კარგად არ იცნობს და არ ახსოვს ის თავდადება და თავგანწირვა, რაც ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს გამოავლინა.
რაც დღემდე ვიცოდით, ნაცმოძრაობას ეს ცალსახად სურს, ამას არც მალავენ დაწყებული საკუთარი გარე ექსპერტების მეშვეობით, დაწყებული ლომჯარიათი და გიგაურით, დამთავრებული მარგველაშვილით და უსუფაშვილით, ყველა ლაპარაკობს პრაქტიკულად ამაზე, მათ ომი სურთ და ისინი არიან ომის პარტია.
ყველამ კარგად ვიცით, უკრაინის მხრიდანაც მსგავსი განცხადებები პირდაპირი ფორმით გაკეთდა. ეს არის ის, რაც ვიცით უტყუარი ფორმით. რაც შეეხება მეტ კონკრეტიკას ამ თემასთან დაკავშირებით, ჩემი პოლიტიკური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, მეტს ვერ ვიტყვი", - თქვა ირაკლი კობახიძემ გუშინ.
საქმე 9 მაისს ივანიშვილის მიერ დაქირავებული PR კომპანიის, CISION-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხება, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ს პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს და მეორედ ჩივილს აპირებს.
სარჩელის მიზეზი ის არის რომ, როგორც Cision-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, Credit Suisse-ს მიერ ბენეფიციარების ინტერესების დასაცავად და საჭიროებისამებრ თანხის გაცემის უზრუნველსაყოფად დაფუძნებულ Green Vals Trust-ში ბანკმა ოპერაციები შეაყოვნა.
ბიძინა ივანიშვილმა 2022 წლის 4 მარტს თანხის მიღება მოითხოვა. ბანკის რწმუნებულმა მოთხოვნა 2022 წლის 4 აპრილს დააკმაყოფილა, რამაც მილიარდერს ფინანსური ზიანი მიაყენა. თანხის გადარიცხვის შეყოვნების მიზეზად Green Vals Trust-მა "აღმოსავლეთ ევროპაში გეოპოლიტიკური გარემო" დაასახელა.